საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
„კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 15 სექტემბერს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.
როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“ – ნათქვამია განცხადებაში.