საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ვიზიტის განაგრძობს.
დელეგაციის წევრები ვაშინგტონში, სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი იყო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სენატორ კორი გარდნერს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღოს და დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სენატორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას. მსგავსი რეზოლუცია, უკვე მიღებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სენატშიც მსგავსი დოკუმენტის ორპარტიული მხარდაჭერა მოხდეს – როგორც რესპუბლიკული პარტიის, ასევე დემოკრატების. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ სენატორი დაინტერესდება ამ საკითხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეურთდება იმ ხელმომწერთა სიას, რომლებიც უკვე მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ამერიკის მაღალი პოლიტიკური წრეების მიერ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვნი იქნება “, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამეტო დელეგაციის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
„კონგრესის ორივე პალატის მიერ მკაცრი რეზოლუციების მიღება, რომელიც ერთი მხრივ, მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მეორე მხრივ, გმობს რუსეთის ქმედებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ბუნებრივია, საპარლამენტო უმცირესობა – „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ამ ინიციატივას. დიდი ხანია ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ასეთი რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეიძლება წარმატებული იყოს. მისი მნიშვნელობა ბუნებრივია გამოიხატება იმაში, რომ ეს არის ძალიან მკვეთრი გზავნილი რუსეთის მიმართ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აქამდე აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და შეიძლება ფიქრობდნენ მათ აღიარებაზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავამჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები