დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, „ონლაინ რისკებისგან” დასაცავად კანოპროექტი მზადდება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით „ონლაინ რისკებისგან” არასრულწლოვანთა დასაცავად ორ კანონში ცვლილებების პროექტი მზადდება.

საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძემ ინტერნეტმმართველობის ფორუმზე ისაუბრა და ის მიზეზებიც განმარტა, რამ გამოიწვია არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობა.

„ტექნოლოგიების განვითარებამ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – ბავშვის სწორად განვითარება არ უნდა დააზარალოს. კანონპროექტის მომზადება ონლაინ რისკებისაგან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ განაპირობა. ცვლილებების მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები; სამომხმარებლო რისკები და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები. კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცვლილებების პროექტი მზადდება საქართველოს კანონებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”. ინიციატივის მიხედვით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულება ეკისრება.

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო. სახელმწიფო არ აწესებს კონტროლს ინტერნეტ სივრცეზე. საუბარია ბავშვების არასასურველ ინფორმაციაზე წვდომისგან დაცვაზე. თუ მშობელი ჩათვლის, რომ მის შვილს უნდა ჰქონდეს წვდომა ასეთი ტიპის ინფორმაციაზე, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა მშობლები ახალი კანონპროექტის კმაყოფილები არიან და ვფიქრობ, მოვახერხებთ, რომ ეს საკითხი კონკრეტულ შედეგამდე მივიყვანოთ. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს სხვადასხვა ვალდებულებები ეკისრება. ერთ-ერთი რეგულაციაა ფილტრაციის პროგრამები პროვაიდერთათვის. მათ უნდა მოეთხოვოთ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა. ყველა წამყვან სახელმწიფოში არსებობს ასეთი რეგულაციები” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, საკითხის სრულფასოვნად და სრულყოფილად დამუშავებაში ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტთან ერთად ჩართულია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. მისივე თქმით, კანონპროექტს, რომელიც მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის გულისხმობს, პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარუდგენენ.

„ჩვენ ვუერთდებით ცივილურ სამყაროს იმ აუცილებელ გადაწყვეტილებაში, რომ რაც დაუშვებელია ინტერნეტის გარეთ, დაუშვებელია ინტერნეტშიც” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები