FT: ტრამპი და პუტინი შეეცდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 20 აპრილამდე ან 9 მაისამდე მიაღწიონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 20 აპრილამდე ან 9 მაისამდე მიაღწიონ. როგორც Ukrinform-ი წერს, ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

კიდევ ერთი სავარაუდო თარიღი 9 მაისია, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

„პუტინს სურდა შეთანხმება ასეთ სიმბოლურ დღეს“, – აცხადებს უკრაინელი ოფიციალური პირი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მათ უკრაინაზე ისაუბრეს.

ტრამპი ასევე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და განიხილა პოტენციური სამშვიდობო ძალისხმევის, თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის საკითხები.

სატელეფონო ზარების შემდეგ, ტრამპმა მხარეებთან გამართულ საუბრებს „ძალიან კარგი და პოზიტიური“ უწოდა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები