მაკა ბოჭორიშვილი – ამერიკასთან სამომავლო ურთიერთობაზე: ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობდა საქართველოსთან ურთიერთობებში ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას გაქრება კიდეც

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს და ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რა ნაბიჯებსაც დგამს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება, მას აქვს მოლოდინი, რომ გამოწვევები რაც არსებობდა საქართველოსთან ურთიერთობებში ნაკლები იქნება, შეიძლება გაქრეს კიდეც.

„ჩვენ ოპონენტებისგან ძირითადად გვესმოდა კრიტიკა. არ მხოლოდ გვესმოდა ვხედავდით ნაბიჯებს უკვე გადადგმულს, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავდა საქართველოს ინტერესებს და იბრძოდა სამართლიანობისთვის. ჩვენ მეტი არაფერი პრეტენზია არ გვქონდა, ჩვენ გვინდოდა სამართლიანი მოპყრობა, გვინდოდა ისეთი მოპყრობა, რომელსაც იმსახურებს საქართველო, ქართველი ხალხი და იმსახურებს ჩვენი ხელისუფლება.

საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში არასდროს გვიღალატია იმ პრინციპებისთვის რა პრინციპებსაც ეფუძნებოდა ჩვენი ურთიერთობები. მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებშიც, ევროპასთან ურთიერთობებშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებშიც. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით მაგალითად სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამაზეც ვწუხდით და ახლაც ვწუხვართ, რომ ის თანამშრომლობა, ის პარტნიორობა არ შეიძლება იყოს სტრატეგიული, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც დასჯის მეთოდების გამოყენებაზე პარტნიორის მიმართ.

რაც შეეხება მომავალ ურთიერთობებს ამერიკასთან, რა თქმა უნდა ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს რომ საქართველო იქნება ნომერ პირველი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დღის წესრიგში, თუმცა იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რა ნაბიჯებსაც ჩვენ ვხედავთ რომ დგამს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის გამოწვევები, რაც არსებობდა ჩვენს ურთიერთობებში ნაკლები იქნება, შეიძლება ითქვას გაქრება კიდეც. სწორედ აქედან გამომდინარე არსებობდა ჩვენს ურთიერთობებში ის ნეგატიური მომენტები თუ გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. თუ კი ეს აღარ იარსებებს თუკი ეს ურთიერთობები გახდება სამართლიანი, თუ ეს ურთიერთობები ნამდვილად დაეფუძნება პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს, რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გვექნება, რომ ორივე ქვეყნის ინტერესების შესაბამისად განავითაროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები