მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და პირველ რიგში ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა ის, თუ რას დაწერს რომელიმე ევროპარლამენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში
საქართველოს უნდა ევროკავშირის წევრობა, საქართველოს უნდა ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ჩვენ ვერაფრით ვანაცვალებთ რეზოლუციებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ინტერესების დასაცავად და ეს რეზოლუცია ვერ იქნება საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი.
„მე არ მინდა საერთოდ ხაზი გადავუსვათ ამ ინსტიტუტების დოკუმენტებს, თუ გადაწყვეტილებების ძალას. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები, რაც საყურადღებოა, რა თქმა უნდა, და ეს იყო მათი გადაწყვეტილება. მაგალითად ივნისის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად უნდა შეეზღუდათ თურმე საქართველოსთან კავშირები და შემდგომ სამწუხაროდ ჩვენ დაგვაბრალეს, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან დიალოგი და ასე იქნა წარმოჩენილი ეს ყველაფერი.
ჩვენ ჩვენი სურვილი გვაქვს განცხადებული. საქართველოს უნდა ევროკავშირის წევრობა, საქართველოს უნდა ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ჩვენ ვერაფრით ვანაცვალებთ რეზოლუციებს ან მარტო ლამაზი სიტყვების მოსასმენად ვერ გავწირავთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან და ბრიუსელის მხრიდან.
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და დღეს რაც ხდება ჩვენს გარშემო, დღეს რაც ხდება თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, ვფიქრობ ყველაფერს კარგად სცემს პასუხს, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე. პირველ რიგში ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და არა ის, თუ რას დაწერს რომელიმე ევროპარლამენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც [შესაძლოა] სხვაგვარად გამოიყურებოდეს როდესაც რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლება და სულ სხვა პრიორიტეტები დადგება დღის წესრიგში.
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ხდება თუნდაც ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სწორად. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ინტერესების დასაცავად და ეს რეზოლუცია ვერ იქნება საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი, თუნდაც ევროკავშირთან ურთიერთობაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.