ნინო წილოსანი – ლევან ღამბაშიძეზე: იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას, სასამართლოში შევხვდებით
„ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ და არასდროს არ აგონ ამისთვის პასუხი“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციონერი აქტივისტის ლევან ღამბაშიძის ბრალდებას პასუხობს, რომ თითქოს წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.
როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი.
„ლევან ღამბაშიძე იტყუება და თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას სასამართლოში შევხვდებით
ეს ადამიანები, ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა მოგიგონონ და არასდროს არ აგონ ამისთვის პასუხი
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი“- წერს ნინო წილოსანი.