ცხოვრობს გორში. ქიმიური და ბიოლოგიის ტექნოლოგიების განხრით დაამთავრა უმაღლესი, მეორე პროფესია კი ფარმაცევტობაა. წნულებით ქსოვა ერთი წლის წინ დაიწყო. ინტერნეტიდან შეისწავლა და შეუყვარდა. ამბობს, რომ ამ დროს თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, და რომ თითოეული ნივთი დიდი შრომით და სიყვარულით იქმნება. – ანა ყორანაშვილის პერსონა.
– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და ხელსაქმე, ვსწავლობდი თექაზე მუშაობასაც, მყავს 3 ძმა, მათაც უყვართ ხატვა და სხვადასხვა ხელსაქმე. მშობლებსაც უყვართ ხელოვნება, ეს ნიჭი მამისგან გადმოგვეცა, მამაც ხატავს, ასევე ხატმწერია.
– ერთი წლის წინ დაიწყეთ წნულებით ქსოვა. რატომ წნულები?
– ყოველთვის მომწონდა დაწნული კალათები, რამდენჯერმე ვცადე სხვა მასალით გაკეთება, მაგრამ არ გამომდიოდა. ერთ დღესაც შემთხვევით ვნახე ინტერნეტში ეს ტექნიკა და მაშინვე დავიწყე გაკეთება, თავიდან ჩემი ჰობი იყო, თუმცა შემოსავლის წყაროდ იქცა. მიყვარს წნულები, რადგან შემიძლია ნებისმიერი ზომის, ფორმის ნივთების დამზადება.
– პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევარი იყო მოწნული, სააღდგომო კვერცხების ჩასალაგებელი კალათი. საცდელად დავდე ინტერნეტში. ძალიან მოიწონეს და ასე „ვიპოვე“ ჩემი საყვარელი საქმე.. კალათს მოჰყვა – საახალწლო სახლები და დავიწყე წნულებით ქსოვა.
– ჭაღები, სახლები, კალათები, საახალწლო სათამაშოები, ჩარჩოები, დეკორატიული ლარნაკები, ფაჩუჩები… მრავალფეროვანია თქვენი ნაკეთობანი. ფანტაზია, შთაგონება როგორ მოდის?
– ერთფეროვნება არ მიყვარს, მინდა ვცადო ყველაფრის გაკეთება და ჩემს მომხმარებლებს მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზო. კიდევ უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი.
– ანას წნულები《》《》 Anna’s braids ჰქვია თქვენს გვერდს. ყველაზე მეტად რომელ წნულზეა მოთხოვნილება?
– მოთხოვნა სეზონურია, ყველა ნივთი იყიდება, ამ ეტაპზე შეკვეთებს სააღდგომო კვერცხის ჩასალაგებელ კალათებზე ვიღებ.
– რამდენ ხანს მუშაობთ ერთ ნამუშევარზე?
– ერთ ნამუშევარს 5-6 დღე სჭირდება. ძალიან შრომატევადი საქმიანობაა. მასალა დამუშავებული ქაღალდია, ეკოლოგიურად სუფთაა.
– შრომატევადია თქვენი საქმიანობა… ამავე დროს, ამას საოჯახო საქმეებიც ერთვის…
– მყავს მეუღლე და 2 პატარა, ამიტომ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობდი. ეს საქმიანობა დავიწყე და ოჯახის საქმეებთან ერთად ვუმკლავდები. ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს, მეხმარებიან სხვადასხვა საქმის გაკეთებაში.
– ჰობი…
– მე მიყვარს ჩემი ჰობი, ჰობთან ერთად შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდაც იქცა.
– სამომავლო გეგმები…
– მომავალში მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო და ამ ხელსაქმით დაინტერესებულ ადამიანებსაც შევასწავლო ჩემო პროფესია.
თამარ შაიშმელაშვილი