გიორგი კვირიკაშვილი: წელს, საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას დავიწყებთ
“წელს, მეოთხე კვარტალში, დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.
მისივე თქმით, მალე დაიწყება ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც.
„ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ვაპირებთ უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას – მთელ საქართველოში იგება გზები, შენდება ახალი აეროპორტები, ესტაკადები, ხიდები და გვირაბები, ნავსადგური. წელს, მეოთხე კვარტალში, დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ წელს ამბროლაურში შობადობამ სიკვდილიანობას გადააჭარბა.
„ძალიან დიდ სიხარულს იწევს ჩემში ის, რომ წელს პირველად, ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომ რეგიონში დაბრუნდნენ ახალგაზრდები და შექმნან ძლიერი, წელგამართული, ქართული ოჯახები იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამბროლაურის მერე, აუცილებლად იქნება სხვა რაიონები და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, რომ დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.