ჰიუსტონის ქიმიურ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა
აშშ-ში, ტეხასში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ ჰიუსტონის ქიმიურ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, Arkema-ს ქარხნიდან შავი კვამლი ამოდის. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ქარხნის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აფეთქების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა.
უსაფრთხოების მიზნით, ჰარისის ოლქში, ქიმიური ქარხნიდან 2,4 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობა ევაკუირებულია.
ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ქარხანამ მუშაობა ჯერ კიდევ 25 აგვისტოს შეაჩერა, თუმცა, უხვი ნალექის გამო, მისი ტერიტორია დაიტბორა, რის შედეგადაც საწარმოს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. დატბორილია სათადარიგო გენერატორებიც.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ ტეხასსა და დასავლეთ ლუიზიანაში წვიმა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.