„რა მოიტყუა მერობის კანდიდატმა და რატომ აგებს პიარში“

რა მოიტყუა მერობის კანდიდატმა და რატომ აგებს პიარში, – ამ სათაურის გაზეთი “პრაიმტაიმი” დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
“ირმა ინაშვილის საარჩევნო მარათონზე გამოჩენის შემდეგ, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მესამე რიგში გადაინაცვლა და კიდევ უფრო გაფერმკრთალდა. თუმცა, იგივე ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ – მარათონზე კანდიდატების გამოცოცხლებას სექტემბრიდან ელოდებიან, ჯერ ისევ ზაფხულია და ამომრჩევლები ისვენებენ, შესაბამისად, რინგზეც კანდიდატები მხოლოდ ნახევარ ძალებს ხარჯავენ.
რა თქმა უნდა, ყველას შტაბი და პიარი დაინტერესებულია, მისი კლიენტის რაც შეიძლება მეტად და ორიგინალური ხერხებით გაპიარებით. თუმცა, შესაძლოა, როცა იდეები ან რესურსები არ გყოფნის, მერე იაფფასიან ტრიუკებსა და სკანდალებზეც მიდიხარ – ვიღაცას მაინც დააჯერებ.
ალბათ, სწორედ ამ იმედითა და რწმენით ალეკო ელისაშვილმა – რომელიც სოციალურ გამოკითხვებში ოპოზიციის სხვა კანდიდატებს (უდუმაშვილს საკმაოდ მცირე შუალედით) უსწრებს და თითქოს აფერაც არ უნდა სჭირდებოდეს – რატომღაც სკანდალის აგორება სცადა, განაცხადა რა, რომ მას ცესკო და ხელისუფლება ებრძვის.
ასეთი განცხადება ჩვენ პირველად არ მოგვისმენია. მაგალითად, შალვა ნათელაშვილიც ხშირად ამბობს ხოლმე, როგორ ეშინია ხელისუფლებას – თანაც ყველა ხელისუფლებას – მისი და, როგორ უგებენ კანონებში მას ხაფანგებს. თუმცა, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე მისი რეიტინგი სულ უფრო და უფრო ეცემა, მაგრამ ეს მას ხმაურიანი და ჟღერადი განცხადებების გაკეთებაში ხელს სულაც არ უშლიდა. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა, თანაც სახასიათო.
ჯერჯერობით, ალეკო ელისაშვილი საკმაოდ რეიტინგული ფიგურაა, თუმცა, ასეთი იაფფასიანი სკანდალებით ის რისკავს, არასერიოზული კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
პროცედურა ასეთია: პრეზიდენტი აცხადებს საარჩევნო თარიღს და ამის შემდეგ ცესკო იწყებს საარჩევნო პროცედურებს.
მარგველაშვილმა საარჩევნო თარიღი გამოაცხადა 22 აგვისტოს და ამის შემდეგ ელისაშვილმა შეძლო სპეციალური ფორმების წაღება ცესკოდან ხელმოწერების შესაგროვებლად. რაც მთავარია, ეს კანონი უკვე დიდი ხანია მოქმედებს და ელისაშვილისთვის უცხო სულაც არ არის. 2014 წელს მან იგივე წესებისა და პროცედურების დაცვით მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცადეთ, ამ თემაზე შტაბისგან რაიმე პასუხი მიგვეღო, თუმცა შტაბის უფროსმა განგვიმარტა, რომ მას კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია, მხოლოდ პოზიციას დააფიქსირებს. პოზიცია კი ელისაშვილმა უფრო ადრე დააფიქსირა:
„რა თქმა უნდა, ეს არის ხრიკი. აგვისტოს ბოლოა, ყველა ქალაქიდან წასულია და, ალბათ, ივარაუდეს და, რა თქმა უნდა, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, ეს მაიმუნობა. ქალაქიდან ხალხი გასულია და 10 000 ხელმოწერის შეგროვება არცთუ მარტივი ამბავია და იფიქრეს, რომ ჩემს პარალიზებას მოახდენენ და ამით ამომაგდებენ… ეს არის პოლიტიკური დავალება და მითითება, რომ ცაიტნოტში ჩამაგდონ და ვერ მოვახერხო 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება“.
მანამდე კი თავის ფბ გვერდზე დაწერა:
„გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შესაგროვებლად. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისთვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას – რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია, შეუძლებელი შევძლოთ!!! ყველას დიდი მადლობა წინასწარ“.
„რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ პირველი სექტემბერი“. – ეს უკვე ცესკოს განმარტებაა.
მისივე განცხადებით, მან საჭირო ხელმოწერების ოდენობა ერთი პროცენტი კანონზე დაყრდნობით განსაზღვრა.
ეს კანონი უკვე წლებია მოქმედებს და, როგორც ვთქვით, ალეკო ელისაშვილმა ასეთივე „ინსტრუქციები“ 2014 წელსაც გაიარა. მაშინ კანონის ვადებთან არანაირი პროტესტი არ ჰქონია.
არ არის გამორიცხული, ალეკომ პიარშიც წააგოს. ძალიან მოსწონს, როცა მას საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტს მაკრონს ადარებენ. თუმცა, ფრანგული მედიის ცნობით, ელისეის სასახლის მეპატრონემ მხოლოდ მაკიაჟზე 20 ათასზე მეტი ევრო დახარჯა. არადა, ის სულ ახლახან გახდა საფრანგეთის პირველი პირი”, – წერს “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები