მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა.
როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, 13-ვე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
„თქვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის მიერ ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს, განვმარტავთ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რეგულარულად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით ზედამხედველობს რეგულირებულ სუბიექტებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს.
გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.