მარიამ ჯაში: ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობა ერთსულოვნების დაუვიწყარი მაგალითია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობა ერთსულოვნებისა და გმირობის დაუვიწყარი მაგალითია. ჯაშმა მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
“უდიდესი გმირობის, ქვეყნის სიყვარულის და ერთსულოვნების დაუვიწყარი მაგალითი ვიხილეთ ბორჯომში სტიქიასთან ბრძოლის დღეებში! ფასდაუდებელია ის თავგანწირვა და შრომა, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მაშველმა, მეხანძრემ, პილოტმა, საპატრულო, საგანგებო და თავდაცვის სისტემის თანამშრომელმა გაწია სტიქიის დასამარცხებლად. საგანგებო ვითარებაში, საქართველოს გვერდით იდგნენ მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოება. განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ეკუთვნით თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელორუსიის საჰაერო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენს ბიჭებთან ერთად იბრძოდნენ”, – განაცხადა დეპუტატმა.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24-საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები