მიხეილ ჯანელიძე ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორბერტ კარტმანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის მჭიდრო, ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის წარმატებულ განვითარებაზე გაამახვილა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობებს და გერმანულ მხარეს ამ კუთხით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოში არსებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა წამყვან ეკონომიკებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, გამორჩეული საინვესტიციო კლიმატით.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.
შეხვედრისას მხარეებმა  უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებიც მიმოიხილეს.
განსაკუთრებით  გაესვა ხაზი საქართველოს პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას ჰესენის მიწაზე.
ამ კუთხით, ხაზი გაესვა საქართველო-გერმანიას შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობის მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოში ჩასული ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობას და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰესენის სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები