ლევან II დადიანის აკლდამას სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება

წალენჯიხაში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დადიანების საგვარეულო აკლდამაში არსებული საფლავები მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, 15 წელია ლევან II დადიანის აკლდამა მძიმე მდგომარეობაშია. ქვა დამტვრეულია, ტაძრის წინამძღვარს ძვლები ამოუღია და სათუთად შეუნახავს, თუმცა ნეშტი კვლავ აკლდამაში შესვენებას ითხოვს.
„იმისათვის, რომ ჩვენ ხალხმა, ანუ მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ჩვენსავე ისტორიას მოვუაროთ, საჭიროა რეალური ქმედებები და რეალური ზრუნვა ისტორიაზე, დღეს სამეგრელოს ყველაზე გამორჩეული მთავრის ლევან მეორე დადიანის აკლდამა წალენჯიხის ტაძარში მძიმე მდგომარეობაშია, სახელმწიფომ და ეკლესიამ ტაძრის გადასარჩენად დიდი სამუშაოები გასწია, ახლა საზოგადოების ჯერია!
ის, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი შემოგვინახა, ვინაც მოხატა ჯვრის მონასტერი, შექმნა ძვირფასი საოქრომჭედლო სკოლა, ააღორძინა ხელოვნება, საქართველოს ეკლესიას შემოუნარჩუნა დიდებული სიწმინდეები, ის, ვინც დასავლეთ საქართველოში ევროპული კულტურის დამკვიდრებას უწყობდა ხელს… დღეს მისი უკანასკნელი განსასვენებელი ნადგურდება, დამტვრეულია კონსტანტინოპოლში დამზადებული უნიკალური საფლავის ქვა, აკლდამას სჭირდება შემინვა, ფრესკებს გამაგრება, წინაპრის განსასვენებელს მოვლა!
ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, ეს იქნება წარსულის პატივისცემის რეალური გამოხატულება! შემოგვიერთდით და ამ საქმეში, თქვენი შემოწირული თანხით მუზეუმის სპეციალისტები და რესტავრატორები მომავალ თაობას წარსულს შეუნარჩუნებენ! გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ და ამასთანავე გააზიაროთ ინფორმაცია!“ – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები