“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიების შედეგად, ჯაშუშობისთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლების დავალებით, ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე”, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება რამდენიმე მიმართულებებით.
“სისხლის სამართლის საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაკავებული პირი გადაიბირა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა და მიანიჭა შესაბამისი ფსევდონიმი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეს, გარკვეული ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ავალებდა სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციის შეგროვებას, უცხოური სპეცსამსახურისთვის გადაცემის მიზნით.
გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ანალოგიურ დანაშაულში ასევე მხილებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გადაბირებულ იქნენ ამავე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების მიერ და მიღებული დავალების შესაბამისად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციების შეგროვებას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებისთვის გადაცემას.
საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დანაშაულის დეტალების დეტალური შესწავლის მიზნით, გამოძიების ფარგლებში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. დაკავებულს ბრალდება ჯაშუშობისთვის წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ კიდევ ორ პირს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ჯაშუშობისთვის დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმალვაში მყოფი პირების მიმართ, ინტერპოლის მეშვეობით გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა”, – განაცხადა მაღრაძემ.