„ჩემი საქართველო აქ არის” – რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ახალციხეში გაიმართება

„მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები” – მორიგი სპექტაკლი იგეგმება ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის პროექტის – „ჩემი საქართველო აქ არის” ფარგლებში. სპექტკლს იზა ვეფხვაძე რაბათის (ახალციხის) ციხის ციტადელში, 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გამართავს.
როგორც იზა ვეფხვაძემ „კვირას“ განუცხადა, წარმოდგენა მიეძღვნება ჩვენი დროის უდიდეს ქართველს, რეზო თაბუკაშვილს. წელს სრულდება რეზო თაბუკაშვილის დაბადებიდან 90 წელი. 2 აგვისტო რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა, 3 აგვისტო კი – გარდაცვალების.
მგზავრობის თანხებს (როგორც თეატრის თანამშრომლებისას ხარაგაულიდან, ასევე თბილისიდან –  მაყურებლებისას) სრულად უზრუნველყოფს ევროპაში ცნობილი საოპერო მომღერალი, ცნობილი ქართველი ბარიტონი, ხარაგაულელთა სიამაყე და ძალზე სასახელო ქართველი, მამუკა ლომიძე. ის ამჟამად მოღვაწეობს და ცხოვრობს იტალიაში, მაგრამ მღერის მსოფლიოს ყველა ცნობილ საოპერო სცენაზე.
„ის რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა და შემომთავაზა იმ ქართულ საქმეში თანადგომა, როგორიც გახლავთ ჩვენი პროექტი “ჩემი საქართველო აქ არის”… მინდა, მადლობა გადავუხადო ამ საოცარ ადამიანს, არა მარტო დიდ ხელოვანს, არამედ დიდ კაცს, რომელსაც ერთი წუთითაც არ ავიწყდება თავისი ფესვები და თავისი საქართველო“… – განუცხადა „კვირას“ იზა ვეფხვაძემ.
ცნობისათვის: ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ახალი პროექტის – „ჩემი საქართველო აქ არის” განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია, დიდ ქართველებსა და ეროვნულ მოღვაწეებზე, ლიტერატურული სპექტაკლების გამართვა საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ადგილებში.
როგორც თეატრის ხელმძღვანელი და პროექტის ავტორი იზა ვეფხვაძე აღნიშნავს, პირველი ლიტერატურული წარმოდგენა საქართველოს ეროვნულ გმირს – მერაბ კოსტავას მიეძღვნა. სპექტაკლი 4 ივნისს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ანტიკური მაყვლოვანის დარბაზში გაიმართა. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა წარმოდგენა გამართა გუდამაყარშიც და გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი სპექტაკლი “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია” წარმოადგინა.
ლიტერატურული თეატრის სპექტაკლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები