გერმანიაში ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს შსს-ს მიერ დაკავებულ მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

“მიმდინარე წლის 20 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში – ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობით, გამოძიების პროცესში, მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანელ სამართალდამცველებთან, როგორც ოპერატიულ დონეზე, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების შეგროვების კუთხით.
გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის მასალების საფუძველზე, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე აწარმოა (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).
ზემოხსენებული მასალების თანახმად, 1986 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა – 1977 წელს დაბადებულმა ნ.ძ.-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში, ქალაქ ნიურნბერგში, 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, „როლექსის“ მარკის, 2 500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს შორის მუდმივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში, საერთაშორისო მასშტაბის, უპრეცედენტო ღონისძიება განხორციელდა.
ძებნილი პირი, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმალვაში იყო, კონსპირაციულად გადაადგილდებოდა, ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იგი 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს”,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები