„ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები პროექტის დაგეგმვის დროსაც იყო გათვალისწინებული და ალტერნატიული ვარიანტები არსებობს“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის ნაწილის საოკუპაციო ზოლს მიღმა მოხვედრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები პროექტის დაგეგმვის დროსაც იყო გათვალისწინებული და ალტერნატიული ვარიანტები არსებობს. მისივე თქმით, ხელისუფლება რისკების შემცირებას მაქსიმალურად ცდილობს და ამისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ეს ადმინისტრაციული საზღვრები, სამწუხაროდ, განსაზღვრულია წინა ხელისუფლების მიერ. სააკაშვილმა თავისი ბრძანებით განსაზღვრა ეს ადმინისტრაციული საზღვრები. სამწუხაროდ, და ეს რეალობაა, რომ ოკუპანტები ამ ადმინისტრაციულ საზღვარს მოჰყვებიან და ახდენენ ე.წ. ბორდერიზაციას. ამავე ადმინისტრაციულ საზღვრებში ექცევა ნავთობსადენი, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული საშუალებები, რაც თავიდანვე იყო გააზრებული და მოფიქრებული. ასე რომ, ეს არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, დიდ საშიშროებას. ზოგადად, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული. მე ყველაფერზე ახლა ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს საფრთხე, ეს რისკები წინასწარ გაანალიზებულია, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და ამასთან მიმართებაში კონტრზომებიც არსებობს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება ოკუპირებული ორჭოსანის მონაკვეთზე.
„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე“, – განაცხადეს სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები