მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გვარამია ვერ გამოდის წარსულის გავლენებიდან და ვერ ეგუება მდგომარეობას, როდესაც მედია დამოუკიდებელია და მისი პარტია ვერ აკონტროლებს.
„მან ძველი ტრადიციისამებრ დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ჟურნალისტებზე და პრესკონფერენციის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ტელევიზიის და ჟურნალისტების მძიმე შეურაცხყოფას მიუძღვნა“, – განაცხადა მდინარაძემ “რუსთავი 2”-ს ხელმძღვანელის დღევანდელი პრესკონფერენციის შეფასებისას.
„ვადასტურებთ რა უდიდეს პატივისცემას თითოეული ჟურნალისტის, მათი პროფესიის, ზოგადად თავისუფალი მედიის მიმართ, მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს მედიაპლურალიზმის და მედიასაშუალებათა მაქსიმალურად თავისუფალი ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია „რუსთავი 2“, რომელიც მიუხედავად უდიდესი საგადასახადო დავალიანებისა, დღემდე აგრძელებს თავისუფლად მუშაობას“, – განაცხადა მდინარაძემ.