დავით სერგეენკო : ექიმი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ იმუშავებს

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კლინიკა „თერჯოლამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ექიმი მუშაობას ვერ დაიწყებს, თუ მას შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს.
“დიდი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ათ საათზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ადგილზე იყვნენ, დაიწყეს შესწავლა და ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი განხილვა მოვაწყოთ. ეს არის ერთ-ერთი კერძო კომპანია. დასკვნების გამოტანა ადრეა და უნდა დაველოდოთ დეტალურ შესწავლას”, – განაცხადა სერგეენკომ.
როგორც „კვირას“ კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორმა, დავით სარიშვილმა განუცხადა, ანესთეზიოლოგი, რომელმაც კლინიკა „თერჯოლამედში“ ორი წლის გოგონას ნარკოზი გაუკეთა, 20 წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმია, თუმცა რამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ “თერჯოლამედში” ორი წლის გოგონა ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, გოგონა, რომელსაც ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი, საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა ის ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები