მამუკა სალუქვაძე – თბილისის მერიას ვთხოვთ, ერთ-ერთი სატრანსპორტო დერეფანი სასწრაფოდ განავითაროს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, გენგეგმის პროექტის დამტკიცებისთანავე, თბილისის მერიამ უნდა იზრუნოს მოკლევადიანი პროექტების დროულად დაწყებაზე, რათა დედაქალაქის მოსახლეობამ ნახოს ამ დოკუმენტით სარგებელი და დაინახონ მისი საჭიროება.
როგორც მამუკა სალუქვაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, საერთოდ უნდა ამოტრიალდეს თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობასთან დაკავშირებული აქამდე არსებული იერარქია და უპირატესობა მიენიჭოს ქვეითს.
“ათწლეულების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა ჩვენთან იმისათვის, რომ დაჩაგრული იყოს ფეხით მოსიარულე, არადა თბილისში დღეს, ყველაზე მეტი ქვეითია“,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
სატრანსპორტო კავშირების განვითარებასთან დაკავშირებით, გენგეგმის ჯგუფი დედაქალაქის მთავრობას რამდენიმე იდეას სთავაზობს, მათ შორის სამი ძირითადია: სატრანსპორტო დერეფანი, სადაც შესაძლებელია იმოძრაოს, როგორც ჩქაროსნულმა ავტობუსმა, ისე ტრამვაიმ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა და განივი კავშირების განვითარება.
​მისივე შეფასებით, თბილისის ქუჩები დღეს გადატვირთულია ავტომობილებით, არა მხოლოდ პიკის საათებში, ამიტომ, თბილისის მერიას სთხოვს, სატრანსპორტო დერეფნის ამუშავების თვალსაზრისით, ერთ-ერთი დერეფანი მაინც სასწრაფოდ განავითაროს.
გენგეგმაში ძალიან ბევრი პროექტი, ის რაც მოკლევადიან პერიოდში შეიძლება დაიწყოს, გვინდა, რომ დაიწყოს და ქალაქმა და მოსახლეობამ ნახოს ამით სარგებელი, მაშინ დაიჯერებს მოსახლეობა, ამ დოკუმენტის საჭიროებას, ნაკლებად იქნება სკეპტიციზმი: – “ჰაერში დაფრინავენ!”, “ეს ოცნების ქალაქია!” და სხვა. დიახ, ჩვენ გვინდა ავაშენოთ ოცნების ქალაქი, მომავლის ქალაქი, ასე ერქვა კონკურსსაც, სადაც ჩვენმა ხედვამ გაიმარჯვა”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
​მისივე ინფორმაციით, გენგეგმის პროექტში ასევე, საუბარია ​განივი კავშირების შექმნაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რკინიგზის ზედა და მიმდებარე ტერიტორიების ფუნქციურად გამოყენების თვალსაზრისით.
“რკინიგზის გასწვრივ ტერიტორია თანაბრად უნდა განვითარდეს. ჩვენს პროექტში ისინი სარეკონსტრუქციო ზონებად განიხილება. დღეს ეს ტერიტორიები მოწყვეტილია ქალაქს. უნდა მოხდეს მათი ინტეგრირება. თბილისში ორი ძირითადი ქუჩა არსებობს, რომელიც გვაკავშირებს თბილისის დანარჩენ ტერიტორიებთან, ეს არის საბჭოს ქუჩა და ერისთავის ქუჩა. შესაძლებელია განივი კავშირების გაკეთება, რომელიც მძღოლებს 8-10 კილომეტრის მანძილის დაზოგვის საშუალებას მისცემს”, – მიაჩნია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორს, მამუკა სალუქვაძეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები