„თერჯოლამედი“, სადაც 2 წლის პაციენტი დაიღუპა, ერთი თვის წინ ამოქმედდა – რას აცხადებს დირექტორი

“ანესთეზიოლოგი, რომელმაც კლინიკა „თერჯოლამედში“ ორი წლის გოგონას ნარკოზი გაუკეთა, 20 წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმია, თუმცა რამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება, უცნობია”, – ამის შესახებ „კვირას“ კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორმა, დავით სარიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, წუხელ სამწუხარო ფაქტი მოხდა და შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები ყველაფერს გაარკვევენ. დირექტორი ამბობს, რომ კლინიკა „თერჯოლამედი“ 2017 წლის 17 ივნისს გაიხსნა და ასეთი ტრაგედია, რაც წუხელ მოხდა, პირველი შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოძიებამ კლინიკის მედპერსონალი უკვე დაკითხა. დავით სარიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას, პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებიც ამოწმებენ.
„ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ექსპერტიზა უკვე დანიშნულია, რაც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. საავადმყოფო ერთი თვის წინ გაიხსნა. ძირითადად, რეანიმაციული ღონისძიებების პაციენტებს ვემსახურებით. პაციენტთა გარდაცვალების სხვა ფაქტიც გვქონია, მაგრამ ეს ტრაგედია, 2 წლის ბავშვის გარდაცვალება, არის პირველი შემთხვევა, “ – აცხადებს დავით სარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, კლინიკაში ორი წლის გოგონა ლავიწის ძვლის ოპერაციის დროს დაიღუპა. გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, ბავშვი ნარკოზიდან ვერ გამოვიდა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ, რომელიც, მათი თქმით, გამოუცდელი იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები