გორში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

გორის რაიონში, გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების – ბერშუეთის, აძვის, მერეთის, ერგნეთი, სკრის მოსახლეობას  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შეხვდნენ.
დეპუტატებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და  მათი მოგვარების შესაძლებლობებზე მათთან ერთად იმსჯელეს.
კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მოძველებული და მოუწესრიგებელია.
“ჩემი წინასაარჩევნო დაპირება ისიც იყო, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს შევუქმნიდი ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული განვითარების პირობებს, რათა ისინი ავარიდოთ  სხვადასხვა მავნე ჩვევებს და რაც მთავარია, ახალგაზრდობა დავამაგროთ სოფელში. ამ დანაპირებს ჩვენ თანდათან ვასრულებთ, ახლა სწორედ იმის შესასწავლად შემოვიარეთ სოფლები, რომ კონკრეტულად აღვწეროთ, სად რა არის გასაკეთებელი”, – განაცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თენგიზ ხუბულურმა.
კომიტეტის წევრები ქალაქ გორის  “ქართლის” სტადიონზე იმყოფებოდნენ, სადაც დევნილ ბავშვთა საფეხბურთო გუნდს ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს. ასევე, მოინახულეს გორში მიმდინარე სპორტის სასახლის მშენებლობა.
მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის შენობაში კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს თენგიზ ხუბულურის მოხსენება, გორის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მდგომარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. იმსჯელეს გორის სპორტული ტრადიციებისა და მათი ღირსეულად გაგრძელების პერსპექტივებზე.
“სპორტს ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრება. პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც გავმართავ კონსულტაციებს, რომ სპორტი გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, რომ ერთ-ერთი მომდევნო წელი ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წლად გამოვაცხადოთ და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უფრო ფართომასშტაბიანი სამუშაოები დავიწყოთ. პირველ რიგში, სწორედ გამყოფ ხაზებთან არსებულ მდგომარეობას უნდა მივხედოთ. ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, გმირები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება მათ სხვადასხვა საკითხებში ეხმარება, მაგრამ ასევე აუცილებელია, ახალგაზრდებისთვის შეიქმნას გამართული ინფრასტრუქტურა, რომ მათ შეძლონ ღირსეული ცხოვრება. ეს უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება, რადგან სპორტი ცხოვრების ნაწილია”, – განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის შეჯამებისას.
სხდომაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და სპორტის სხვადასხვა სახეობის, ქალაქ გორისა და გორის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები