კოლინ კრაუჩის წიგნის განხილვა გაიმართება
ანალიტიკური მედიაპლატფორმა European.ge განაგრძობს წიგნების საჯარო განხილვას. შემდეგი საჯარო მოხსენება გაიმართება 16 ივლისს, 19:00 საათზე, „მზიურის“ ამფითეატრში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მოწვეული მომხსენებელია სოციალური მეცნიერების მაგისტრი ლევან აბაშიძე, რომელიც European.ge-ს მთავარი რედაქტორი იყო 2012-2015 წლებში.
ბრიტანელი სოციოლოგის, ვორვიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, კოლინ კრაუჩის 2000 წელს გამოცემულმა წიგნმა: Post- Democracy მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დემოკრატიის შესახებ მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებზე. მან საინტერესოდ აღწერა თანამედროვე დემოკრატიები, რომლებიც განიცდიან პოლიტიკურ კრიზისს. კოლინ კრაუჩი აღწერს, თუ როგორ ხდება თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიებში ძალაუფლების მცირე ელიტების ხელში თავმოყრა და დემოკრატიული ინსტიტუტების თანდათანობითი დაცლა პოლიტიკური შინაარსისგან.
წიგნში ავტორი ასე განმარტავს ტერმინ “პოსტდემოკრატიას”: “პოსტდემოკრატიული საზოგადოება ესაა პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებას, მაგრამ ასეთ საზოგადოებებში ეს ინსტიტუტები ფორმალურ სახეს იძენენ. ენერგია და ინოვაციური სულისკვეთება გასულია დემოკრატიული სივრციდან ვიწრო პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ხელში.”
კოლინ კრაუჩის აკადემიური კარიერა დაიწყო 1969 წელს ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში (LSE). 1995-2000 წლებში ის ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1995-2004 წლებში ასევე იყო European University Institute-ის სოციოლოგიის პროფესორი და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი. 2005 წელს პროფესორი კოლინ კრაუჩი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.