გიორგი მიქაძე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული Berklee College of Music-ის მიწვეული პროფესორი გახდა

მუსიკოსი გიორგი მიქაძე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული Berklee College of Music-ის მიწვეული პროფესორი გახდა.
როგორც „კვირას“ თავად ხელოვანმა განუცხადა, ბერკლის საზაფხულო სკოლაში (Five-Week Summer Performance Program) სწავლების შესახებ მიწვევა პირადად ბერკლის პეზიდენტისაგან მიიღო.
გიორგის მიჰყავს საშემსრულებლო, თეორიული, ისტორიული და საანსამბლო მიმართულების 7 სხვადასხვა საგანი. აღსანიშნავია, რომ მასთან კლასში მოხვედრის და სწავლების სურვილი უამრავმა სტუდენტმა გამოთქვა.
ყოველწლიურად ბერკლის საზაფხულო სკოლაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ორი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში სწავლაც თითქმის ყველა მუსიკოსის სანატრელი ოცნებაა და  წლების მანძილზე  მსოფლიოს საუკეთესო 10 მუსიკალურ სასწავლებელს შორის პირველ პოზიციას ინარჩუნებს.
ბერკლის ადმინისტრაციის თქმით, დიდი პატივია გიორგის დაბრუნება უნივერსიტეტში ახალი მოწვეული პროფესორის სტატუსით.
გიორგი თავად არის ბერკლის კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული და პრეზიდენტის სტიპენდიანტი. გიორგის სწავლის პერიოდში ბერკლიში მისი მუსიკალური ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად გიორგი მიქაძე ბოსტონში რამდენიმე კონცერტსაც გამართავს.
გიორგი რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს და  წარმატებული საგანმანათლებლო თუ საკონცერტო ცხოვრებით საქართველოს უდიდეს პოპულარიზაციას უწევს. კლასიკური მუსიკის, ჯაზის, პოპის და თანამედროვე მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების და კონკურსებისათვის ყოველთვის სასურველი სტუმარია.
მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები და გავლენიანი კრიტიკოსები გიორგი მიქაძეს პროფესიონალ, უნიკალურ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც ყველა ჟანრისა და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს. გიორგი მუდიმივად შემოქმედებითი ძიების პროცესშია და ხშირად გვთავაზობს ნოვატორულ, უჩვეულო, სრულიად გამორჩეული ჟღერადობის მუსიკას. სწორედ ამ ძიების ნიმუშებია გიორგის საავტორო პროექტები – „ვოისა“ და „Georgian Micro JamZ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები