ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობა გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობა 12 ივლისს გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავებში დაცულია ყველა საერთაშორისო ნორმა, რაც დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს. ქუთაისის ცენტრალურ არქივში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის საარქივო საქმეები.ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად აქ დაცულია XVIII-XX საუკუნეებში შექმნილი დოკუმენტები – ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846 – 1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები.
“უნიკალურ დოკუმენტებს შორისაა იმერეთის მეფეების – სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის სიგელებსა და წყალობის წიგნები; მოსახლეობის აღწერის მასალები; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფები; ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველი დოკუმენტები და სხვა მასალა”, – აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.
ბოლო წლებში, ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურული ბაზა მისი არსებობის განმავლობაში, პირველად განახლდა და გაიზარდა. ბოლო ათწლეულებში პირველად, აშენდა ეროვნული არქივის ახალი და თანამედროვე შენობა რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი) და ქუთაისში (ქუთაისის ცენტრალური არქივი); 2016 წელს გაიხსნა ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონი, სადაც ფუნქციონირებს მედიათეკა და ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა არქივის შენობები ზუგდიდსა და თელავში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები