იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესია – გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩა

გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩა. ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიამ მიიღო.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2010 წელს, ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის შემდეგ, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანოს – ICOMOS-ის შეფასებით ბაგრატის საკათედრო ტაძარმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დაკარგა განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა, გაითვალისწინა რა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, 2013 წელს მიიღო უპრეცენდენტოდ კომპრომისული გადაწყვეტილება (37 COM 7A.32), რითაც სახელმწიფოს დაევალა ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის დოკუმენტაციის მომზადება, რათა შექმნილიყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში გელათის მონასტრის დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით დაბრუნების შესაძლებლობა.
სახელმწიფო, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარული ნუსხის განახლებაზე, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნება ღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები