ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართება

8 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეებთან შეხვედრა
გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებაზე „ცეკვის ჯადოქრად“ წოდებული მაესტროს მოსწავლეები გაიხსენებენ ვახტანგ ჭაბუკიანთან ურთიერთობის მნიშვნელოვან, საინტერესო და ისტორიისთვის უცნობ დეტალებს, მისი ცხოვრების ეპიზოდებსა და სცენის მიღმა დარჩენილ ისტორიებს.
ტატიანა ვეჩესლოვა იგონებდა: „მისი ფრენა არწივის ფრენას ჩამოჰგავდა, ის ნახტომიდან სცენაზე კი არ ეცემოდა, ნელა ეშვებოდა და მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ აფრენილიყო“…
ღონისძიებაში მონაწილეობენ: ნინო ყუფუნია, მეგი ჩიქოვანი, ლია ომიაძე-ბახტაძე, ქეთი ბაქრაძე, ქეთი მოწონელიძე, ნანა სანაძე, ქეთინო მუხაშავრია, მაია ალფაიძე, ლელა ალიბეგაშვილი, ზაქრო ამონაშვილი და სხვა.
საღამოს წამყვანი: მარინა კახიანი.
ვახტანგ ჭაბუკიანის პედაგოგიური მოღვაწეობა არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც ცნობილია.
1935 წელს ჭაბუკიანი მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბალეტის დასადგმელად. ბალეტის დამდგმელმა ვ. ჭაბუკიანმა და სპექტაკლის დირიჟორმა ევ. მიქელაძემ (მხატვ. ს. ვირსალაძე) დიდი შრომა მოანდომეს ა. ბალანჩივაძის პირველი ქართული ბალეტის – “მზეჭაბუკის” შექმნას.
1936წ. 26 დეკემბერს “მზეჭაბუკის” პრემიერა შედგა. 1938 წ. ლენინგრადში წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი “მზეჭაბუკი”, ახალი სახელით “მთების გული”.
1941 წელს ვახტანგ ჭაბუკიანი თბილისში ბრუნდება და ცხოვრების ბოლომდე რჩება. 1958 წელს დიდ თეატრში “ოტელოს” პრემიერა შედგა. ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმულ და შესრულებულ ”ოტელოს” – “ქართული ხელოვნების ტრიუმფი” უწოდეს. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ვახტანგ ჭაბუკიანმა მრავალი საბალეტო დადგმა განახორციელა: “ბოლერო”, “პოემა-ბალეტი”, ”განთიადი”, ”ჰამლეტი”, “აპასიონატა”.
ჭაბუკიანის თეატრი გასაოცარი წარმატებით მოგზაურობდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები