ელდარ შენგელაია, ახალი ფილმით „სავარძელი“, რუსეთის 5 კინოფესტივალზე მიიწვიეს
“ნამდვილი ტალანტი არასდროს იკარგება, დიდი ოსტატები კი, როგორიც ქართული კინემატოგრაფის მეტრი, ელდარ შენგელაიაა, დიდ ოსტატებად რჩებიან სულ. ამ სიტყვებს ადასტურებს ბატონი ელდარის ახალი ფილმი “სავარძელი”. ვულოცავთ მას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ფილმის წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში”, – ასე შეაფასა მოსკოვის კინოფესტივალის დირექტორმა კირილ რაზლოგოვმა ელდარ შენგელაიას ფილმი, ჩვენების შემდეგ.
ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მოსკოვის კინოფესტივალზე ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის ჩვენება გაიმართა. ქართველი რეჟისორი ახალი ნამუშევრით „სავარძელი“ რუსეთის მასშტაბით კიდევ 5 კინოფესტივალზეა მიწვეული. ასევე, ელდარ შენგელაია ვარნის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება და ამავე ფესტივალზე გაიმართება მისი ფილმის ჩვენებაც.
„სავარძელს“ მალე ნახავენ ლონდონშიც, ხოლო 5 ოქტომბერს ელდარ რიაზანოვის კლუბში იგეგმება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის პრემიერა.
რუსულმა ტელეარხმა „კულტურამ“ ფილმის ჩვენების უფლება შეიძინა, ასევე არხმა ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ ლეგენდარულ ქართველ რეჟისორთან. ფილმი ეთერში ოქტომბერში გავა.