„საქართველო მარტო სახლში“ – ბერლინში ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა

 საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, ბერლინში, ისტორიულ ვილა “ელიზაბეტში”, ქართული კულტურისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფესტივალი –  „საქართველო მარტო სახლში“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ბერლინის “დედაქალაქის კულტურის ფონდის“ ხელშეწყობით გაიმართა. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამო გერმანული საზოგადოებისთვის ქართული კულტურის გაცნობას ისახავდა მიზნად.
საღამოზე მომღერალმა მანანა მენაბდემ ქართული ბალადები შეასრულა, პიანისტმა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ დუდანა მაზმანიშვილმა კი –  ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ფესტივალში მონაწილეობდნენ: ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი, თბილისში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შტეფან ვაკვიცი.
2017 წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება. სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. გერმანია-საქართველოს წელი 2017“ (Zukunft erben. Deutsch-Georgisches Jahr 2017) გერმანია და საქართველო 2017 წელს ერთად აღნიშნავენ ურთიერთობის მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ (1817) საქართველოში პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსვლასა და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა 2018 წელსაც გაგრძელდება, კერძოდ, 2018 წელს სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი აღიარების 100 წლისთავი. ამავე წელს საქართველო იქნება საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობის აღსანიშნავად გერმანელი და ქართველი კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით კინოს, მუსიკის, ლიტერატურისა და სამუზეუმო სფეროებში მრავალფეროვანი ერთობლივი პროექტები იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები