მოწმე : ჯაოშვილი და ჯოზეფ ქეი მოვიდნენ და „იმედის“ წილების გადაფორმების დადასტურება მოითხოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ნოტარიუსი მერი ბუბაშვილი მოწმის სახით დაკითხეს. მოწმის ჩვენების თანახმად, ტელეკომპანიის წილი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილი გიორგი ჯაოშვილისგან ჯოზეფ ქეიზე გადააფორმა. ამავე ჩვენების მიხედვით, ნოტარიუსმა აღნიშნა, რომ მასთან ჯაოშვილი და ჯოზეფ ქეი მივიდნენ და წილების გადაფორმების დადასტურება მოსთხოვეს. მისივე თქმით, ამ პროცესს სამხედრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი ესწრებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ჯაოშვილს სწორედ სამხედრო პოლიციის მეშვეობით, წილის დათმობას აიძულებდნენ.
მოწმემ ჩვენებაში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, კერძოდ, 2008 წელი, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წილი ტელეკომპანია “იმედში” ჯოზეფ ქეიზე გადაფორმდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, მურთაზ ზოდელავა პირადად მივიდა და წილების გადაცემის დროულად დადასტურება სთხოვა. მოწმემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში გარკვეული ხარვეზები იყო და პროცესი მან, როგორც ნოტარიუსმა, მაქსიმალურად გააჭიანურა, ვიდრე ხარვეზები არ აღმოიფხვრა.
მოწმის განცხადებით, მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილის ესკორტში მუშაობდა და 2011 წელს დაურეკა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმდროინდელმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ, რომელმაც უთხრა, რომ მერი ბუბაშვილი სამსახურიდან უნდა წასულიყო. მერი ბუბაშვილის თქმით, მან სწორედ ამ პერიოდში დატოვა სამსახური, თუმცა რა კავშირი აქვს 2008 წელს, “იმედის” წილების გადაფორმებას 2011 წელს ჯანაშიას მიერ განხორციელებულ ​ზართან, მერი ბუბაშვილს არ დაუკონკრეტებია.
სხდომის დატოვების შემდეგ, მოწმე მერი ბუბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები