ლაგოდეხის ბლუზის ფესტივალის სპეციალური სტუმარია  შანა ვოთერსტოუნი

 7 ივლისს, 21:00 საათზე, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, ე.წ. ბლუზვილიჯში მსმენელის წინაშე წარდგება ფესტივალის სპეციალური სტუმარი, გამორჩეული ხმის ტემბრის მომღერალი შანა ვოთერსტოუნი. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მას აკომპანირებას გაუწევს ქართული ბენდი თემურ ხინთიბიძის ხელმძღვანელობით.
ლაგოდეხში ყოველ შაბათ-კვირას მიმდინარეობს I საერთაშორისო ბლუზის ფესტივალი, „ბლუზფესტ. ჯი-2017“, რომელმაც სტარტი 17 ივნისს აიღო.
ფესტივალის დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს როგორც ბლუზის განვითარებას, ასევე კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხში ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
„ბლუზფესტჯის“ დამფუძნებლისა და ორგანიზატორის ვიქტორ კერვალიშვილის განცხადებით, საფესტივალო პროგრამა მსმენელს სთავაზობს ხარისხიან მუსიკას, ხოლო ღია ცისქვეშ, კომფორტულად მოწყობილი გარემო კულტურულ-შემეცნებითი დროსტარების წინაპირობაა.
საფესტივალო სივრცეში გასაყიდად წარმოდგენილია ღვინო, ლუდი, გამაგრილებელი სასმელები, მწვადი, ჩურჩხელა, ხელნაკეთი სუვენირები და სამახსოვრო ნივთები. აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ ისარგებლონ პრესცენტრით.
ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაცია, კერძო კომპანიები. საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია „სევენთ“.
ამერიკელი ბლუზის ვარსკვლავი, შანა ვოთერსტოუნი პოპულარული მომღერალია. მისი კონცერტები ანშლაგით იმართება ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიასა და სხვა მრავალ ქვეყანაში. გოსპელისა და ბლუზის ტრადიციული მელოდიებით, 2008 წელს გამოსულმა მისმა პირველი ალბომმა Inside My Blues, საერთაშორისო აღიარება მოუტანა მომღერალს.
ამჟამად ცხოვრობს პარიზში, სადაც კარიერა ჯაზის მიმართულებით განავითარა. მუსიკალურ სამყაროში მოიხსენებენ, როგორც გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე ელეგანტურ შემსრულებელს. რუსეთში დაგეგმილ ტურნეს ფარგლებში მოახერხა, რომ მხოლოდ ერთი დღით ჩამოფრინდეს საქართველოში და კონცერტის დასრულებისთანავე მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები