ქართველი სოპრანოს – სალომე ჯიქიას წარმატება „კოვენტ-გარდენში“

„კოვენტ-გარდენის“ სცენაზე ახლახან აღადგინეს 26 წლის წინათ რეჟისორ გრაჰამ ვიკის მიერ ჩინებულად დადგმული მოცარტის ოპერა „მითრიდატე პონტოელი“. ოპერაში ახალგაზრდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია იმღერებს.
ეს ინფორმაცია ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა „კვირას“ აცნობა. მისივე თქმით, ეს ოპერა იმით არის აღსანიშნავი, რომ იგი 1770 წელს, 14 წლის ასაკში დაწერა მოცარტმა და იმავე წელს დაიდგა მილანის ოპერა რეჯიო დუკალში.
სამეფო ოპერის საზაფხულო სეზონში „მითრიდარტე პონტოელს“ მხოლოდ ოთხჯერ წარმოადგენენ ქრისტოფე როსეტის დირიჟორობით და ბრწყინვალე მომღერალ-შემსრულებალთა ანსამბლით.
„თავდაპირველად გამოცხადებული იყო, რომ მამაკაცი სოპრანოს როლს სიფარეს არიაში შეასრულებდა ცნობილი გერმანელი სოპრანო ანეტ ფრიტში. მაგრამ მოხდა ისე, რომ იგი მოულოდნელად შეცვალა ქართველმა მომღერალმა. იგი მართლაც შეუდარებელი აღმოჩნდა ამ როლში და ვინც კი გამოეხმაურა მედიაში მოცარტის აღდგენილ ოპერას, ყველა მიმომხილველმა ერთხმად შენიშნა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სალომე ჯიქიას ვოკალურ და საშემსრულებლო ოსტატობას სიფარეს პარტიაში.
სალომემ თბილისსა და რომში მიიღო პროფესიული განათლება, მან იმთავითვე მიიპყრო ყურადღება იშვიათი მონაცემებით და უმალ გადაინაცვლა საოპერო სცენაზე. ამასთან, სალომემ არაერთ საოპერო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველგან პრიზით გამოარჩიეს. იგი ლადო ათანელის საერთაშორისო საოპერო კონკურსის პირველი პრიზის მფლობელია. ასევე მოხდა თურქეთის, სომხეთის, იტალიის, გერმანიის, რუსეთის, პოლონეთის კონკურსებზეც.
ვფიქრობ, სალომე ჯიქიას ბუნებრივ ნიჭიერებასთან ერთად იღბალიც უღიმის. აბა, სხვაგვარად როგორ აღმოჩნდებოდა იგი ასე მოულოდნელად „კოვენტ – გარდენში“? – აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.
მან ლონდონიდან ისიც გვაცნობა, რომ წლევანდელი ზაფხული სალომეს საკმაოდ დატვირთული ექნება. იგი პესაროში (იტალია) როსინის საოპერო ფესტივალში ორ პარტიას შეასრულებს, ასევე ბერლინის დოიჩე ოპერაში აგვისტოში დაიდგმება ვერდის უკვდავი „ტრავიატა“, სადაც იგი პუბლიკის წინაშე ვიოლეტას როლით წარდგება.
1 და 7 ივლისს, „კოვენტ – გარდენში“ ლონდონელ მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, კვლავ დაესწროს და აღფრთოვანდეს მოცარტის „მითრიდატე პონტოელით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები