შსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 19 წლის ე.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 ივნისს თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ზ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.