წიგნის: „პიესები: თემურ ჩხეიძის სახელოსნო“ წარდგენა გაიმართება
30 ივნისს, 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში, თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის (თემურ ჩხეიძის სახელოსნო) პიესების კრებულის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კრებული მოიცავს სახელოსნოს სამი სტუდენტის – ალექს ჩიღვინაძის, დავით ფირცხალავასა და მაკა კუკულავას პიესებს, რომლებიც 2015-2017 წლებში დაიწერა და დაიდგა სახელოსნოს რეჟისორების მიერ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე.
ღონისძიებაზე სახელოსნოს სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაც გაიმართება. საღამოს რეჟისორი თემურ ჩხეიძე გაუძღვება. ღონისძიება ასევე მიეძღვნება სახელოსნოს ახალი ნაკადის მიღებას – სწავლა 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი 2014 წელს შეიქმნა. ცენტრის ძირითადი საქმიანობა მოიცავს თეატრალურ სახელოსნოს, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. სახელოსნოს პირველი ნაკადი 6 ახალგაზრდა რეჟისორსა და 3 დრამატურგს აერთიანებდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. სწორედ ამ კურსის ფარგლებში შეიქმნა წიგნი: „პიესები: თემურ ჩხეიძის სახელოსნო“, რომელიც პროექტის ამ ეტაპის შემაჯამებელი ნამუშევარია.