იუნგის ნაშრომის – „მეტამორფოზის სიმბოლოების“ წარდგენა გაიმართება
30 ივნისს, 19:00 საათზე, კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომის „მეტამორფოზის სიმბოლოების“ წარდგენა გაიმართება. წიგნი „დიოგენემ“ გამოსცა. როგორც „კვირას“ გამომცემლობიდან აცნობეს, წიგნს წარადგენს მთარგმნელი მაია ბადრიძე.
დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს:
ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში.
მისამართი: „ბიბლუსი“, კანდელაკის №7.