“ოლიმპიური კომიტეტის სასარგებლო გადაწყვეტილება მოსამართლემ დეპუტატების ზეწოლის ქვეშ მიიღო”
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, სეოკ-ის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა.
როგორც ირაკლი მეძმარიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან აღნიშნული ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ერთ-ერთი მედიასაშუალებისგან მიიღო.
ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო მსგავსი ფაქტი. სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა პარლამენტარების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
“სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. როდესაც აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტმა დამირეკა, მე ეს ინფორმაცია უარვყავი, რადგან პარლამენტარის პრესტიჟის დაცვა აუცილებელია. ჩემთვის ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო, თუმცა წარმოსადგენი აღმოჩნდა.
იმ დროს, როდესაც სამი ორგანიზაცია ერთი დღით ადრე რეგისტრირდება რეესტრში და მას ხმებს აძლევენ, მაშინ როცა წესდებაში რა ორგანიზაციებიც წერია, რეესტრში არ ფიქსირდება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. სეოკ-ის წინააღმდეგ ჩვენი ბრალდებები უსაფუძვლო არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე არ დააკმაყოფილა მოსამართლემ სარჩელი, 2016 წლის არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით. სასამართლოში წასვლის სურვილიც მხოლოდ მე არ მქონია, ჩემს უკან ის ოლიმპიელები არიან, რომლებმაც ხმა მომცეს და მე მათ ხმებს აუცილებლად დავიცავ“,- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მეორე ინსტანციაში გასაჩივრების გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მოსამართლის განჩინების სამოტივაციო ნაწილს გაეცნობა.
“ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 20 წუთში მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. როდესაც ამ სასამართლოში ასეთი რამე ხდება, უკვე საკითხავია, ღირს თუ არა ბრძოლის გაგრძელება. ჩემი სურვილი იყო, წინ წავსულიყავით, ახალი ხედვა გაჩენილიყო, თუმცა ოლიმპიური კომიტეტი უკან მიდის. ახლა იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი არჩევნები სამართლებრივი ნორმების დაცვით ჩატარდება”,- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილი სარჩელი, რომელიც სეოკ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ეხებოდა.