საჯარო ლექცია: „ჰერმან ჰესე და ეგზისტენციალური კრიზისი“ გაიმართება
1 ივლისს, 17:00 საათზე, „წიგნის კლუბი“ მართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჰერმან ჰესე და ეგზისტენციალური კრიზისი“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნულ თემაზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მერაბ მამარდაშვილის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი ისაუბრებს.
ჰერმან ჰესე ის მწერალია, რომელიც კარგად იცნობს ფსიქოლოგიის დარგში არსებულ თეორიებს და იდეალურად ახერხებს მათ სიუჟეტურ გადმოტანას მხატვრულ ლიტერატურაში. ჰესეს „ტრამალის მგელი“ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის თეორიების მიხედვითაა აგებული და, მიუხედავად ზღაპრული ელფერისა, უკიდურესად რეალისტურად გამოხატავს ადამიანის ცხოვრების უმთავრესი კრიზისის – საკუთარი თავის, არსებობის აზრის შეცნობის მცდელობას. როგორ, როდის და რატომ იჭრება ადამიანის გონებაში ის მთავარი კითხვები, რომლებიც მუდამ უპასუხოდ რჩება; როგორია გზა, რომელსაც ადამიანი გადის პიროვნული განვითარების უკიდურესობამდე – თვითობამდე მისაღწევად, ან რამდენად შესაძლებელია ადამიანისათვის იმ ჰარმონიული მდგომარეობის მიღწევა, რომლისკენაც ყველა თავისებურად მიიღწვის.
ჰერმან ჰესეს ნაწარმოებს ადამიანური ცხოვრების ურთულესი კრიზისების სიღრმისეული ასახვა გამოარჩევს. ყოველი მკითხველი ახერხებს მის წიგნებში საკუთარი თავის, წარსულისა თუ იდეების აღმოჩენას.
ლექცია დაეთმობა ჰერმან ჰესეს მიერ დასმული საკითხებისა და იდეების გახმიანებას ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან.
მისამართი: ქ. თბილისი, შ. დადიანის ქ. 30, Anticafe “Corner” \ ანტიკაფე “კუთხე”.