შალვა ხუციშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: დასკვნიდან მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობის  ძალისხმევა სწორი და ეფექტურია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული რისკები შეიძლება არსებობდეს და მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეფასებულია.
მისი თქმით, ამერიკის დეპარტამენტის დასკვნიდან მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობის ძალისხმევა სწორი და ეფექტურია.
„რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები შეიძლება არსებობდეს და მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მთავრობის ძალისხმევა დადებითად შეფასებულია. ბოლოს, რამდენიმე საქმე გვქონდა, რომელიც პრესაში არ გახმაურდა, თუმცა იგივე ტრეფიკინგთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან წარმატებული საქმე იყო. გარდა ამისა, პროკურატურასთან ერთად ე.წ. ერთობლივი ჯგუფები გვყავს, რომლებიც პრევენციულად მუშაობენ და ყველა რისკზონას ამოწმებენ.
ამ სფეროში ასევე წარმატებულად არის შეფასებული ჩვენი პოლიციისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლობა. განათლების მიმართულებითაც ბევრი საკითხია და კომპლექსურად ვმუშაობთ. მესმის, რომ შეიძლება გარკვეული რისკები არსებობდეს. ამ ანგარიშში რა რეკომენდაციებიც არის, ამას ვაანალიზებთ და ანგარიშის გარეშეც, ჩვენი შეფასებით, ვმუშაობთ. რეალურად, ამ ანგარიშიდან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ძალისხმევა, რასაც ვახორციელებთ, სწორი და ეფექტურია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ტრეფიკინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს.
„მთავრობამ სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა 2017-2018 წლებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ხელისუფლებამ არ გაზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და ტრეფიკინგის ნაკლები რაოდენობის მსხვერპლი გამოავლინა. შრომითი ინსპექტორები გაურკვეველი მანდატით მოქმედებენ და შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა შეამოწმონ დამსაქმებლები“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები