ლონდონი ანა კანდელაკი-სტაინხსუზის სადიპლომო გამოფენას უმასპინძლებს

5 ივლისს, ლონდონის ხელოვნების აკადემიის დარბაზი თავისი ოთხი კურსდამთავრებულის სადიპლომო გამოფენას ეთმობა. როგორც „კვირას“ ლონდონიდან გიორგი ლალიაშვილმა აცნობა,  მათ შორის არის ქართველი ანა კანდელაკი-სტაინხსუზი, რომელიც ხუთ ფერტილოს გამოიტანს დამთვალიერებლის სამსჯავროზე.
მოწვეული სტუმრებისთვის გამოფენა 5 ივლისს, საღამოს 18:30 საათზე გაიხსნება, ხოლო 6 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ყველა მსურველს შეეძლება მისი ნახვა.
„ანა კანდელაკი-სტაინხსუზმა თავისი პორტრეტების სერიას „Home away from Home’’ („სახლიდან მოშორებით – სამშობლოში“) დაარქვა და ასახავს ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც კარგა ხანია უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ და საქმიანობენ, მაგრამ ისტორიულ სამშობლოსთან სულიერი კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტიათ. პირიქით, რითაც და როგორც შეუძლიათ ცდილობენ, უცხო გარემოში კეთილი სამსახური გაუწიონ მშობლიურ ქვეყანას. მართალია, ისინი საქართველოდან ფიზიკურად შორს არიან, მაგრამ მათ ფიქრსა და ოცნებაში მუდამ მძაფრად ცოცხლობს სამშობლოს ხატი.
ანა კანდელაკმა ხანგრძლივი გზა გამოიარა, სანამ მხატვრის პროფესიას აირჩევდა. მან თბილისსა და ლონდონში საუნივერსიტეტო განათლება საფინანსო განხრით მიიღო, ორი ათეული წლის წინათ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში და ლონდონის სითიში წლები მიუძღვნა საბანკო კარიერას. თუმცა, შემოქმედების ჟინმა მაინც იმგვარად იმძლავრა მასში, რომ 2013 წელს პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო საბანკო სექტორის დატოვების შესახებ. მას მერე დაიწყო საფუძვლიანი განსწავლა და მომზადება ფიგურატიულ მხატვრობაში, რომლის უძლიერესი სკოლა და ტრადიცია არსებობს ლონდონში. „ანამ რამდენიმე უმაღლეს სამხატვრო სკოლაში მიიღო განათლება და ამჯერად ლონდონის ხელოვნების აკადემიის სახელით გვიწვევს გამოფენაზე, რომელიც ცხადად მოწმობს ანა კანდელაკი-სტაინხსუზის ნამდვილ მოწოდებას: ფერისა და ხაზის მეშვეობით გვესაუბროს ადამიანის სულის იდუმალ მშვენიერებასა და სიძლიერეზე!“ – აღნიშნავს გიორგი ლალიაშვილი.

გამოფენის მისამართია: The Art Academy 165a Borough High Street London – SE1 1HR .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები