შალვა ხუციშვილი: მუხთარლის საქმეზე ვიდეოჩანაწერებს შუალედური გამოძიების პროცესში გამოვაქვეყნებთ

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერები შუალედური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების დროს გასაჯაროვდება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის მხარეს ელოდებიან, რათა საქართველოს საგამოძიებო უწყებამ აფგან მუხთარლის დაკითხვა შეძლოს.
“ვიდრე არ იქნება გამოძიების შედეგები, ვიდრე არ იქნება ჩვენება და არ შეჯერდება საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, ამიტომ სრული სურათისთვის, საჭიროა, გვქონდეს დეტალური ჩვენება. ვიდეოკამერები არის საქმის ერთი კომპონენტი, ჩანაწერების გარდა, დაკითხულია ასეულობით მოწმე. ვიდეოკამერების ჩანაწერები ხოლოდ ერთი ნაწილია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ მუხთარლის ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობა კი გამოძიების შედეგებს ელოდება. აღსანიშნავია, რომ დღეს, 15:00 საათზე აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა, ადვოკატთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები