ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა – პროცესი 29 ივნისს განახლდება

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის 7 მოწმის დაკითხვა დასრულდა. მათ შორის იყო გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტიც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, დეკანოზის ორი მეზობელი, მამა გიორგის ბინის მეპატრონე და გამგეობის წარმომადგენელი, რომელმაც სასულიერო პირის ბინა გააღო, რათა ჩხრეკა ჩატარებულიყო. სხდომის დამთავრების შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომწამვლელ ნივთიერებასთან დეკანოზს არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს.
„უსაფრთხოების სამსახურს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს და ყველანაირი იარაღი გააჩნია, რომლითაც შეუძლია, ნებისმიერი ჩემოდანი გახსნას, თუ არსებობს რაიმე ეჭვი – ეს ერთი, მეორე – არსებობს თუ არა აეროპორტში სათვალთვალო კამერები? აბსოლუტურად ყველგან არის, იმ ოთახშიც კი, სადაც მოხდა ჩანთის ე.წ. დალუქვა. მოგეხსენებათ, მიუხედავად არაერთი მონდომებისა, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერიდან აღებული კადრები ყოფილიყო საქმეში, თვითონ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ანალოგიური მოსაზრება აქვს ბრალდებულის მეორე ადვოკატსაც. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ჩანთა 9 საათის დაგვიანებით გაიხნა. მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ როგორ გაჩნდა მამა გიორგის ჩანთაში, ე. წ. ციანიდი.
სასამართლო განხილვა ე.წ. ციანიდის საქმეზე 29 ივნისს, 11:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები