პროკურორი: ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“თავსახურში ჰქონდა დამალული, დაუვარდა და ყველამ დავინახეთ

„დეკანოზ მამალაძეს ბარგში მომწამვლავი ნივთიერება – ციანიდი ჰქონდა“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოწმეების დაკითხვის შემდეგ, გაირკვა, რომ ბრალდებულს სურდა, საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი. პროკურორის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შემთხვევით „დეზოდორი“ დაუვარდა და ეს მოწმეებმაც დაინახეს.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით, უკვე საგამოძიებო უწყებაში, დალუქული და დაუზიანებელი ბარგის შემოწმება.
„პროკურატურაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დეკანოზ მამალაძეს ბარგში მომწამლავი ნივთიერება – ციანიდი ჰქონდა. მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით, დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამლავი ნივთიერება – ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო „დეზოდორი“, რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, არსებობს აეროპორტში გაკეთებული ფოტომასალა, რომელიც ბარგის დალუქვას ეხება და სადაც ჩანს, რომ მამალაძის ბარგი ყველანაირი კანონის დაცვით ილუქება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები