გიორგი მიქაუტაძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება

“პრიორიტეტული იქნება ის, რომ სასამართლო განიტვირთოს ჯერ საქმეებისგან და შემდგომ უკვე მივხედავთ სხვა საკითხებსაც”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთანავე, გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებებს აუცილებლად გეგმავს.

“პრობლემური საკითხები, რა თქმა უნდა, არსებობს, სასამართლო გადატვირთულია და ნომერ პირველი გამოწვევა, ალბათ, არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დროულად მივაწოდოთ ეს სერვისი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ელოდება და ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად ვიმუშავებთ. პრიორიტეტული იქნება ის, რომ სასამართლო განიტვირთოს ჯერ საქმეებისგან და შემდგომ უკვე მივხედავთ სხვა საკითხებსაც”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე იმ ბრალდებასაც გამოეხმაურა, რომ თითქოს იგი მდივნის პოსტზე ლევან მურუსიძის კლანის წევრობის გამო აირჩიეს, რაზეც მან განაცხადა, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ ხმათა უდიდესი უმრავლესობით, 246 ხმით აირჩია და მსგავსი კრიტიკა მისთვის მიუღებელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე ხმათა დიდი უმრავლესობით აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს, რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები