მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე კონსენსუსის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის აზრით, კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდა, რათა მმართველ გუნდსა და სხვა ძალებს შორის კონსენსუსი შემდგარიყო.ამის შესახებ დეპუტატმა “პირველთან” საუბარში განაცხადა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრი დოკუმენტის გასაცნობად, საქართველოს მასშტაბით, საერთო–სახალხო განხილვა მიმდინარეობდა, სადაც საზოგადოებას და ნებისმიერ პოლიტიკურ სპექტრს უფლება ჰქონდა, საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინა.
“კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ კონსენსუსის მისაღწევად, ყველაფერი კეთდებოდა. როგორც ვიცით, საერთო სახალხო განხილვის დროს, საზოგადოებას აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა შენიშვნები გამოგვიგზავნეს, რომლებიც, უმეტესად, ორიენტირებული იყო გაუნაწილებელ მანდატებზე, “ქართულმა ოცნებამ” კონკრეტულად ეს საკითხიც გაითვალისწინა. ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მოთხოვნები, როგორიცაა მიწის გასხვისების საკითხი, ქორწინების კანონი. მოკლედ, რეზიუმეს სახით, შემიძლია ვთქვა, რომ კონსენსუსისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა”, – განაცხადა ჯაშმა.
“პირველის” კითხვაზე, რას მიაწერს ბოლო დროინდელ მოვლენებს, კერძოდ, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, ჯაშმა განაცხადა რომ – “ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არგუმენტები გამოელიათ, რაც საზოგადოების ინტერესებს აზარალებს”.
მმართველ გუნდს პოლიტიკური სპექტრი განუდგა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მთავარმა ძალამ თავის თავზე მოირგო.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ საქართველოს შესწორებული კონსტიტუცია წინამორბედზე უკეთესია და იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი მეგობარი ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში, რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.
საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტის შესახებ საერთო სახალხო განხილვა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.
საქართველოს კონსტიტუციაში გარკვეული შენიშვნები ვენეციის კომისიამ შეიტანა და რეკომენდაციები მმართველ გუნდს გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები