სასამართლომ სიას სარჩელი ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი ”პანორამა თბილისთან” დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საიას სარჩელზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნაწილობრივ შეწყდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე, მოპასუხეების სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მხარეთა შორის დავის საგანს ორი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა თანახმადაც, თბილისში, კოჯრის ახალ გზაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის „სოლოლაკის ბაღების“ და „სოლოლაკის მაღლობის“ მშენებლობის ნებართვები გაიცა.
ასევე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც საიას საჩივარი აღნიშნულ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით განუხილვევლად იქნა დატოვებული.
სასამართლომ, საქმის მთავარ სხდომაზე, ზეპირი მოსმენით, საქმის წარმოება შეწყვიტა მოპასუხე სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ არსებული მოთხოვნების ნაწილში მათი გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გასაჩივრებული აქტების შესახებ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის ივნისში, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს ერთი წლის შემდგომ (2016 წლის ივნისი), ნაცვლად კანონით დადგენილი ერთი თვისა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა რჩება წარმოებაში და საქმის განხილვა გაგრძელდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები