პროკურორი: ექსპრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მარიამ საჯაიასთვის და ივანა მელაისთვის სამკაულებია ნაყიდი

„სხვადასხვა ქალბატონებისთვის, მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის და ივანა მელაისთვის სამკაულებია ნაყიდი. ეს იყო პრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაწეული ხარჯი“, – ამის შესახებ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციაში არ შედის ამგვარი ხარჯების გაწევა, რაც განხორციელებულია. პროკურორის განმარტებით, საქმეს სპეციალურად ჰქონდა გრიფი „საიდუმლო“ მინიჭებული, რათა საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული სხვადასხვა დანახარჯები.
„სხვადასხვა ქალბატონებისთვის, მაგალითად მარიამ საჯაიასთვის და ივანა მელაისთვის სამკაულებია ნაყიდი. ასევე, დიდი ხარჯია გაწეული პრეზიდენტის პირადი სტილისტისთვის. ეს თანხა შეადგენს 74 000 ლარს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციაში არ შედიოდა ამგვარი ხარჯების გაწევა. ეს იყო პრეზიდენტის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაწეული ხარჯი“, – განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბრალდების მხარის მოწმეების მიერ შევსებული პატაკები წარადგინა, რომელიც პროკურორის თქმით, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე იყო შედგენილი. ქეთევან ჩაჩავას თქმით, აღნიშნული პატაკების ნამდვილობა მოწმეებმა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები