“ამ ეტაპზე და ამ ვითარებაში, საკონსტიტუციო მონარქიის მოდელის შემოტანა მიუღებელია”

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნას ნაადრევად მიიჩნევს. როგორც საკრებულოს დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა,საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ქვეყანაში დისბალანსს გამოიწვევს. მანჯავიძისთვის მიუღებელია საკონსტიტუციო მონარქიის მოდელიც.
მისი თქმით, მონარქის ტახტს უამრავი პრეტენდენტი ჰყავს და უფრო მეტი გამოჩნდება, რასაც შუღლი და ამა თუ იმ კანდიდატის გარშემო დაჯგუფებების შექმნა მოჰყვება . ” საქართველოში, სადაც არ არსებობს განვითარებული პარტიული სისტემა, არარეალურად მივიჩნევ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას. საპარლამენტო დემოკრატიის არანაირი წანამძღვრები არ არსებობს. ამ სისტემის დანერგვა ქვეყანაში ძალიან დიდ დისბალანსს გამოიწვევს. ფაქტობრივად, არ გვეყოლება ხელისუფლების განმახორციელებელი . ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი ძირითადად, ერთპარტიული იყოს. ვფიქრობ, მალე ახალი ცვლილებების საჭიროების წინაშე დავდგებით”, – აღნიშნა მანჯავიძემ.
რაც შეეხება კონსტიტუციურ მონარქიას, მსოფლიოში 27 ქვეყანა არსებობს, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა. როგორც კი ეს იდეა გაჟღერდა, საზოგადოებრივმა აზრმა დაიწყო რადიკალიზაცია. უკვე ეს ყველაფერი ლანძღვა-გინებაში გადავიდა. რადიკალურად დაპირისპირებული პოზიციებია. ეს ძალიან ფაქიზი და სერიოზული საქმეა. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მონარქია ისევე, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი, სიმბოლურ როლს ასრულებს. ქვეყნაში უნდა არსებობდეს პირი, ადამიანი, რომელიც არის ბოლო ინსტანცია. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს პრეზიდენტზე, თუმცა ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა ნომინალური როლი აქვს პრეზიდენტს და არც მაღალი რეიტინგით სარგებლობს. ქვეყანას რაც უფრო მალე მოვაწყობთ ისე, რომ არსებობდეს ლეგიტიმაციის მქონე ძალაუფლებით აღჭურვილი პირი, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის.
ამ ეტაპზე და ამ ვითარებაში, საკონსტიტუციო მონარქიის მოდელის შემოტანა მიუღებელია. ყველაზე ძველი დინასტია ბაგრატიონები არიან. მაშინაც კი, როდესაც შიდა ომები იყო, ყველას ესმოდა, რომ მეფე უნდა ყოფილიყო ბაგრატიონი და არცერთ გვარს ტახტზე პრეტენზია მაშინაც კი არ გამოუთქვამს. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, ბაგრატიონების გარდა, სხვა გვარის წარმომადგენელი პრეტენზიას ვერ განაცხადებს. თვითონ ბაგრატიონებში რა ვითარება გვაქვს, ვიცით. უამრავი პრეტენდენტია და უფრო მეტი გამოჩნდება.
ამას მოჰყვება შუღლი და დაჯგუფებების შექმნა ამა თუ იმ კანდიდატის გარშემო. ამით დავბრუნდებით იმ პერიოდში, რაშიც ვიყავით რუსეთთან შეერთებამდე, თითქმის სამი საუკუნე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ საკითხს სერიოზული მომზადება სჭირდება”,- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები