„საკონსტიტუციო მონარქიის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი“ – დაიწყება თუ არა საკონსტიტუციო მონარქიის მმართველობის დამკვიდრებაზე მსჯელობა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა გაბუნია საკონსტიტუციო მონარქიის მიმართ დადებითად არის განწყობილი, თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს ამისთვის ქვეყანა მზად არ არის. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საკონსტიტუციო მონარქია ევროპის 11 ქვეყანაშია და ყველა ეს ქვეყანა წარმატებული და მდიდარია. დეპუტატის თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც მოსახლეობის მსჯელობის და დისკუსიის შედეგად უნდა გადაწყდეს, თუმცა ამ საკითხზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას დაასრულებს და მას ოფიციალურად მიიღებს.
„ საკონსტიტუციო, საპარლამენტო ანუ სახალხო მონარქიის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ევროპის 11 ქვეყანაშია ასეთის სისტემა და 11-ვე ქვეყანა არის წარმატებული, მდიდარი. ეს საინტერესო პრაქტიკაა. მით უმეტეს, ჩვენ გვაქვს ძალიან ძველი და ტრადიციული მონარქია, თუმცა აქ არის მთავარი შეკითხვა – როდის ვიქნებით ამისთვის მზად? დღეს ამისთვის მზად არა ვართ, მაგრამ თუკი დღესვე არ წამოვიწყეთ დისკუსია და საუბარი ამ საკითხზე, მაშინ არც არასდროს ვიქნებით ამისთვის მზად. მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით ვთქვა, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს საკითხი არ არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან ან კონსტიტუციაში რაიმე ფორმულირებით ამ საკითხის ჩაწერასთან. ბევრი არგუმენტია საპარლამენტო მონარქიის სასარგებლოდ, მაგრამ მთავარი შეკითხვაა – როდის ვიქნებით ამისთვის მზად? ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე მივიღებთ ახალ კონსტიტუციას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსახლეობამ. დისკუსიას წინ არაფერი უდგას“,- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი საკონსტიტუციო მონარქიასთან არათავსებადია, რადგან პრეზიდენტს და მეფეს საპარლამენტო რესპუბლიკებში აქვთ ერთი და იგივე ფუნქცია.
„ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მეფესაც და პრეზიდენტსაც აქვთ წარმომადგენლობითი ფუნქცია. ორივე არის სიმბოლო სახელმწიფოსი და გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებლობის და მთელი იმ ღირებულებების, რაზეც დგას სახელმწიფო. შესაბამისად, ერთდროულად ორივე ტიპის ინსტიტუცია, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, არსად მოქმედებს. ამიტომ მეფის არსებობა გამორიცხავს პრეზიდენტის არსებობას, მაგრამ კიდევ ერთხელ დავძენ, რომ ამ საკითხზე ამ კონტექსტში ლაპარაკი ძალიან ადრეა, ამას კარგი განსჯა სჭირდება. მონარქიის ინსტიტუტს ბევრი აღიქვამს ისე, თითქოს ეს არის ფეოდალური სამეფო კარი თავის ზიზილ-პიპილოთი. ეს ასე არ არის, მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს დასასრულებელი – უნდა მივიღოთ კონსტიტუცია და ამის მერე, შეგვიძლია, გავმართოთ დისკუსია“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები